გიორგი სიჭინავა – ეფუთიში გოშინა
ავტორი: გიორგი სიჭინავა
19,95 ₾
გიორგი სიჭინავა (1942-2025) გახლავთ მეგრულენოვანი მწერლობის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული წარმომადგენელი. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო პრობლემების წინაშე მდგარ მეგრულ ენას შეეხიდა და ახალი სული ჩაბერა, ეს სწორედ სიჭინავაა.
გიორგი სიჭინავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. ახალგაზრდობაშივე ის აფხაზეთში გადასახლდა, სადაც საკმაოდ აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწეოდა. გახლდათ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორი, არაერთი მოთხრობისა და ესსეს ავტორი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ მწერალი თბილისში სახლდება და აქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოსცემს გაზეთ „აღდგომას“. აქვე, სიჭინავა აარსებს ჟურნალ „აია“-ს, რომელიც ხდება მეგრულენოვანი ავტორების მთავარი პლაცდარმი, ჟურნალიდან ვეცნობით როგორც ფოლკლორულ, ასევე მხატვრულ მარგალიტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიჭინავას სახელს უკავშირდება 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი პოეტის, დანიელ ფიფიას გაცნობა საზოგადოებისთვის და მისი აქამდე უცნობი შედევრების: პოემებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ამავე პერიოდში ის გამოსცემს „ნანაში ნინა“-ს, ე.წ. დედაენას მეგრელი ბავშებისთვის, იბეჭდება მისი ლექსების არაერთი კრებული. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით გამოდის პირველი სრულად მეგრულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ირიათონი“. მწერლის კალამს ეკუთვნის ტრილოგია „უტუ მიქა“, რომელიც სამეგრელოს აჯანყების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს მკითხველს.
წინამდებარე კრებული გახლავთ მცდელობა მკითხველისთვის გიორგი სიჭინავას მეგრულენოვანი მემკვიდრეობის სრული მოცულობით გაცნობისა. წიგნში შესულია ავტორის პროზა და პოეზია სრულად, ასევე აფორიზმები და „ვაღურიაშ დჷნაჩინა“ (ვაღურიას დანაბარები), ნაწყვეტი „უტუ მიქა“-დან, სადაც ტრილოგიის ერთ-ერთი საკვანძო გმირის, ვაღურია ქარდას ფილოსოფიური ნააზრევებია გადმოცემული.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941869273
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2025 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |